შიგთავსზე გადასვლა

ძღომაი საკვირველი

25/09/2012

ეს ესაა მე და ჩემი კნეინა გვარიანად გამოვძეხით. პატარა ქვაბში კახურად შენელებული წვნიანი ლობიო გავაცხელე, ლანგარზე პურის სამ მოზრდილ ნაჭერთან ერთად ერთი წიწაკისა და დაკუწული კომბოსტოს მწნილით თავმობმული თეფში მოვათავსე (არც ზეთი დამვიწყებია, სამწუხაროდ კახური არ გვქონდა) და მთელი ეს ავლადიდება ჩვენს საძნებელში შემოვაბრძანე. გენახათ, რა ლაზათითა და ეშხით შევექცეოდით, იტყოდით, ნეტაი თქვენს განცხრომასაო.

მე და სოფოს ღამე ჭამა გვიყვარს. სოფომ სევდანარევი ღიმილით ტელეფონს დახედა (რომელი საათიაო). არ გინდა-მეთქი, თავი გავუქნიე. რა აზრი აქვს-მეთქი. ვილუკმებოდით და გვიხაროდა.

– გე, ისე, ხელსახოცებიც რომ შემოგეტანა…

– და პურიც დავამატო, არა?

– აჰაა.

ოთახში რომ დავბრუნდი, ლობიო ქვაბის ფსკერს ძლივსღა მალავდა.

– მე მეტი აღარ მინდა, შენ დაამთავრე.

– კაი.

– წყალი მომიტანე, რა..

– მურაბის წვენით დამტკბარი გინდა?

– კი, ოღონდ ძალიან არ დაატკბო და ცივი რო იყოს – ვითომ მე არ ვიცი, ახლა, როგორი უნდა იყოს.

ახლა ძინავს გაღიმებულსა და კმაყოფილს. ტუჩები აქვს სქელი, ოდნავ გახსნილი და ისე საყვარლად ფშვინავს, მოგინდება რომ გაგუდო.

კაცი, რომელიც არ ტირის

10/09/2012

ერთ დღესაც თუ ყოველდღიურობამ თავი მოგაბეზრა, იმ სახლის კარს აღებ, რომელიც კარგა ხანია დაკეტილია. შედიხარ, არც კი ანთებ შუქს, ჯდები სიბნელეში და უსმენ მუსიკას. მერე გახსენდება, რომ გყავს მეგობრები. ურეკავ. მოდიან. მოაქვთ ლუდი. სვამთ:

– მეც დამისხი შეჩემა!

საუბრობთ ერთმანეთზე:

– შენ კიდე გასუქდი ბიჯო, თუ ეგ მაიკა გაჩენს მსუქანს?

სხვებზე:

– იმდღეს სერგო შემხვდა. მაგას ხო იცი ცოლმა დაადო.

სამსახურზე.

– აუ, ახალი პროექტი შემტენეს.

ფულზე:

– რაღაცა უნდა ვიჩალიჩოთ, ეგრე ხელფასზე ცხოვრება აღარ შეიძლება.

ქალებზე:

– ვინ, ქეთი? შენს ძმობას ფიცავარ, ეგ ყველაზე მაგარი ქალი იყო მაგ სასტავში.

სექსზე:

– ბიჯო, მეტყნაურება. თქვენ არა?

ცოტა რომ მოგეკიდებათ სასმელი, გართობა გინდებათ და მიდიხართ უახლოეს ბარში ან კლუბში, სადაც ძალიან ცუდი სიტუაციაა. გამოდიხართ, შედიხართ მეორეში. აქაც მოწყენილობას დაუსადგურებია. ბოლოს ფული გითავდებათ, ჯიბეებს იფხეკთ, ორმოციოდე ლარს აგროვებთ და მიდიხართ კაზინოში იმ იმედით, რომ ამ ფულით რაღაცას მოიგებთ და გართობას გააგრძელებთ. ამ ფულს აგებთ და მოწყენილები გამოდიხართ კაზინოდან.სერინობთ თბილისის ქუჩებში მოწყენილები და ჩივით, რომ ამ ქვეყანასა და ქალაქში ნორმალურად გართობა შეუძლებელია. უკვე გვიანი ღამე დგება, მუცლები ლუდისგან იცლება, გრადუსიც გამოდის და გშივდებათ. კიდევ იჩხრეკთ ჯიბეებს და ჰოი საოცრებავ! ოცდახუთიოდე ლარი გროვდება, ჭამთ შაურმას და ერთერთი თქვენგანი დროგამოშვებით ხმამაღლა აბოყინებს.

– ეგაა, შეჩემა, რო გაბოყინებს, ზნაჩეტ, გერგება, იმიტო სუქდები!

მერე აგრძელებთ უაზრო ხეტიალს, სანამ ისე არ დაიღლებით რომ ყველა და ყველაფერი გბეზრდებათ. ბოლოს იშლებით:

– წავედით ჩვენ ე, აბა კარგად!

მიდიხართ ყველა თქვენ-თქვენს სახლებში.

– გააღეთ, მე ვარ!

დუშის ქვეშ ფიქრობთ თუ საით მიგაქანებთ ეს ცხოვრება და საერთოდ რა გინდათ ამ ქვეყანაზე. ზანტად იმშრალებთ ტანს და მოწყენილები წვებით დასაძინებლად. ემბრიონის პოზაში ჩაგეძინებათ და გათენდება ახალი უაზრო და არაფრისმთქმელი, არაფრისმომტანი დილა. თენდება ახალი დღე და გრძელდება ყოველდღიურობა, რომელმაც თავი მოგაბეზრა. და დღეები ზუსტად ისევე ჰგვანან ერთმანეთს, როგორც კალენდარზე მათი აღმნიშნველი ციფრები.

ხშირად, თავს ძალიან უბედურად გრძნობთ, ხანდახან ბედნიერები ხართ. დროის უმეტესი ნაწილი კი უბრალოდ ვერაფერს გრძნობთ და მისდევთ დინებას და არ ტირიხართ.

რამშაბათი

08/09/2012

დილას დედაჩემის “დაფა-ზურნამ” და წივილ-კივილმა დამცა ბნედა. ჩემს ჯანმრთელობასა და მასზე ზრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდა ერთობ ემოციურად, თან ლოგინიდან ათრევისკენ და გარკვეული მოქმედებებისკენ მომიწოდებდა, რომელთა არსთა ჩაწვდომასაც ჩემი გონება ვერ ასწრებდა, რადგან უპირველესი ქმედება, რის განხორციელებასაც ძილბურანში მყოფი ვცდილობდი, ჩემი დილის სიფთაზე წამომხტარი “კაკოს” მიჩქმალვა იყო იმ ქალის თვალსაწიერიდან, რომლის ფეხებშუიდანაც ოცდარამდენიმე წლის წინ გამოვძვერი და რომლის თვალსაც ჩემზე ზრუნვა-ფიქრსა და ვაი-ვიშში მას შემდეგ რული არ მიჰკარებია.

დედაჩემი ყოჩაღი ქალია, მაგრამ დაბერდა, გასუქდა (ისე არა, როგორც თავად ჩივის, მაგრამ მაინც), ძალიან ხშირად იმეორებს რაღაცეებს და ერთსა და იმავე ისტორიებს რამდენჯერმე ერთნაირი თუ არა უფროდაუფრო მძაფრი ემოციითა ჰყვება ხოლმე. ეს ისტორიები ძირითადად ორ ციკლს ეკუთვნის “შვილების აღზრდა” და “მე, ჩემი ქმარი და ჩემი დედამთილი”. გემრიელ ნიგვზიან ბადრიჯანს აკეთებს და აუტანელი შვილების გარდა უფრო აუტანელი სხვისი შვილების გაძლება უწევს იმ პროფესიის გადამკიდეს, რომელზეც არასოდეს უოცნებია.

მე რის ვაი-ვაგლახით ვდგები, ვიცმევ და იქ მივდივარ, სადაც არასოდეს მინდოდა მოვხვედრილიყავი, მაგრამ გენეტიკურ ამბავში რაღაც ყლეობა დამემართა და მკურნალობა მჭირდება. მკურნალობა ძვირი ჯდება. დედაჩემი ნერვიულობს. რაღაცეებს ჩალიჩობს, რომ საიდანმე დაფინანსება იშოვოს, სასიკეთო პირი არაფერს უჩანს, კიდევ ნერვიულობს და ასე ვართ რა.

მე დილით ყოველთვის მინდა ხოლმე, რომ ვისაუზმო, მაგრამ მადა არ მაქს. ამიტომ ჩემი საუზმე ნახევარი ფინჯანი ყავით იწყება ჩვენს სამზარეულოში და სიგარეტის ნამწვით მთავრდება სამარშრუტო ტაქსის გაჩერებაზე.

ამ ბოლო დროს ვუსმენ ლედ-ზეპელინს. ძალიან მომწონს. აქამდე ვერ ვეგუებოდი, ახლა სულ ჟრუანტელი მივლის. ისეთი აღფრთოვანებით ვუსმენ ხოლმე, ლამისაა ქუჩაში გამვლელები გავაჩერო, ჩემი ყურსასმენები ყურებში ჩევთხარო და ძალით მოვასმენინო.

დღეს შაბათი იყო. მე დღევანდელი დღის შაბათობა ვერ ვიგრძენი. ამიტომ პოსტს აქვს უცნაური სათაური.